საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველოს შეფასება 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა. ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ქართული პრესის თავისუფლება 100-დან 53.05 ქულითაა შეფასებული, რაც საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 103-ე ადგილზე აყენებს. 2023 წელს ქართული პრესის თავისუფლება 61.69 ქულით იყო შეფასებული და რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებდა.
RSF-ის თანახმად, მედიასაქმიანობაში ოფიციალური მხარეების ჩარევა, აფერხებს პრესის თავისუფლების გაუმჯობესებას, დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიასაშუალებებისთვის კი მედიაგარემო მტრულია - ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის ფაქტების რაოდენობა კი იზრდება.
“ქართული მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა, ამავე დროს, პოლიტიკურად ძლიერ პოლარიზებული. მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ხშირად შუქდება მედიით, განსაკუთრებით კი ტელევიზიით, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა.
ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია 2020 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მსგავსი გარემო კი ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელების კონტროლისთვის კონკურენციის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით აკრძალულია პოლიტიკური პარტიების მიერ მედიასაშუალებების ფლობა, დიდი არხები, როგორც წესი, მათ მფლობელთა ინტერესებს იცავენ, რომლებსაც პოლიტიკურ ლიდერებთან მჭიდრო კავშირები აქვთ”, - ვკითხულობთ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ორგანიზაცია პრესის თავისუფლებაზე რუსული კანონის გავლენაზეც წერს. RSF აღნიშნავს, რომ საქართველოს არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების გაუმჯობესების შესახებ. მათი თქმით, ნაცვლად მედიაში პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისა, ქვეყნის მთავრობა ცდილობს, კონტროლი მოიპოვოს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, რასაც “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებითა და “უცხოელ აგენტთა” კანონით ცდილობს, რომელიც პირდაპირი კოპირებაა რუსული კანონისა.
ინდექსით ქვეყნები 10 სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდებიან, საიდანაც საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება, 76 ქულა, საკანონმდებლო ჩარჩოთი მოიპოვა, ყველაზე დაბალი, 36.23 ქულა კი - პოლიტიკის კრიტერიუმში.
რაც შეეხება სამეზობლოს, რეიტინგში მათი ადგილები ასე გადანაწილდა:
43. სომხეთი - 71.6 ქულა
158. თურქეთი - 31.6 ქულა
162. რუსეთი - 29.86 ქულა
164. აზერბაიჯანი - 27.99 ქულა