საქართველოს პრეზიდენტი ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ამის შესახებ საუბარია „ქართულ ქარტიაში“, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დღეს წარმოადგინა.
გასაუქმებელ კანონებს შორისაა ე.წ. რუსული კანონიც.
„დაუყოვნებლივ გავაუქმებთ ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა. ასევე გავაუქმებთ 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიღებული იქნება ამნისტია“, - წერია "ქართულ ქარტიაში".
"ქართული ქარტიის" წარდგენამდე პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით კიდევ ერთხელ მიმართა.
"დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა და ევროპული გზა ერთმანეთისგან განუყოფელია და ერთადაა დასაცავი. ეს ყველაზე კარგად თქვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ გაიგეთ და ამისთვის გამოხვედით გარეთ - მოსახლეობამ და ახალგაზრდებმა, მაგრამ არა მხოლოდ ახალგაზრდებმა, ყველანი იყავით გარეთ და აჩვენეთ მსოფლიოს, რომ მზად ხართ დაიცვათ ეს დამოუკიდებლობა და დაიცვათ ჩვენი ევროპული გზა. მსოფლიოს გააგებინეთ, რომ საქართველოს ხალხისთვის ევროპული მომავალი უალტერნატივოა. საქართველოს კი დაანახეთ, რომ ჰყავს ძლიერი, პრინციპული, თავისუფალი, გონიერი და ეროვნული საზოგადოება, რითაც უკვე დაამარცხეთ ნიჰილიზმი და უიმედობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"ქართული ქარტია" - პრეზიდენტის ახალი ინიციატივა/სრული ტექსტი