მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ბლოკავს რუსი ინვესტორებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას

64a0451160280
ინგა მურუსიძე
01.07.23 19:44
722
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსი ინვესტორებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას პირადად ბლოკავს და მოხარულია, რომ ეს ბერკეტი სწორედ პრეზიდენტის დისკრეციაა.

საქმე ის არის, რომ საგამონაკლისო წესით,საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ "რუსი ვითომ ინვესტორები ქვეყნისთვის საშიშები არიან და ეს საკითხი კარგად უნდა გაკონტროლდეს".

„მე არ მიმაჩნია, რომ რუსეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველები, რომლებიც დღეს სხვადასხვა მიზეზით დაბრუნდნენ, წარმოადგენენ უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ის რუსი მიგრანტები, ვისაც მკლავებს ვუხსნით და ვეუბნებით, რომ შემოვიდნენ. მე კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს, არაქართული წარმოშობის <რუსებს>, რომლებიც შემოდიან ვითომ ინვესტიციებით, ხან - პატარა, ხან - დიდი, მაგრამ ამ ქვეყანაში სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება და ბინადრობა ძალიან მარტივია, რაში სჭირდება რუსს, რომ მე მივცე მოქალაქეობა?! საინვესტიციო ნაწილი არის ჩემს ხელში, სანამ არ შეცვლიან. იმათ არ ვაძლევ მოქალაქეობას - იკმარონ ბინადრობა და ბიზნესი. ვფიქრობ, ესეც უნდა გაკონტროლდეს. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. უნდა იყოს კონტროლი რუს ბიზნეს-ინვესტორებზე, რომლებიც არიან რუსები რუსეთიდან, რუსები კვიპროსიდან, რუსები ისრაელიდან და ა.შ.“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ორმაგი მოქალაქების საკითხზეც ისაუბრა და ამ კუთხით არსებული პრობლემები შეახსენა ხელისუფლებას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხზე  უკვე სამი წელია, ემუშავება იუსტიციის სამინისტროს, თუმცა - უშედეგოდ.

პრეზიდენტის მტკიცებით, ტყუილია იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თითქოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება, რადგან ეს ასე არ არის.

„არაფერი მარტივდება, გარდა კომისიის მუშაობისა, რომელიც ნამდვილად მარტივდება. ჯერ აბარებ გამოცდას და მერე გადიხარ კომისიაზე. მე კომისიაში ორი კვოტა მაქვს და ჩემი წარმომადგენლები მუდმივად დადებით პასუხს იძლევიან, თუ უსაფრთხოების საკითხი არ დგას ამა თუ იმ პიროვნებასთან“, - ამბობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი იმასაც დასძენს, რომ კომისიიდან ადამიანებს სწორედ მასთან გზავნიან და ხალხი შეცდომაში შეყავთ, თითქოს სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება აქვს, რაც სიმართლე არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები