პრეზიდენტი ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს არ დააჯილდოებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის დაჯილდოების შესახებ დღეს შეატყობინეს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ამისთვის 2 მიზეზი აქვს. ერთია ის, რომ ეს პროცესი არ უნდა მოხდეს ნაჩქარევად. ხოლო, მეორეს მხრივ, არ ესმის, რატომ უნდა დაჯილდოვდნენ ცალკე ოლიმპიადის და ცალკე პარალიმპიური თამაშების მონაწილეები.
"დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 8 საათზე იქნებოდა დახვედრა ოლიმპიელების და თურმე დაჯილდოებაც. არ მჩვევია კინკლაობა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს დაჯილდოება ოლიმპიელების და მათი დახვედრა უნდა მოხდეს სექტემბერში. ისე, როგორც ეს გამოვაცხადე მათი გაცილებისას.
მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რატომაც არ შეიძლება დღე მათი სასწრაფოდ დაჯილდოება, ჯერ ერთი ეს არის სერიოზული საქმე და არა ასე საჩქაროდ გასაკეთებელი და მეორე – ეს არის ის საკითხი, რაც აერთიანებს ქვეყანას, ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც გვეშინია ხალხის, არამედ ვაპირებ ეს იყოს სახალხო ზეიმი, როგორც გამოვაცხადე.
და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – პარალიმპიადა იწყება ახლა და გრძელდება 8 სექტემბრამდე, წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ახლა და ცალკე ჩვენი სპორტსმენების – სექტემბერში?", - განაცხადა პრეზიდენტმა ამ თემისთვის მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ქართველი პრიზიორები ღირსებისა და გამარჯვების ორდენებზე არიან წარდგენილი. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღეს.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდებიან ოლიმპიური ჩემპიონები – ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ვიცე-ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და გივი მაჭარაშვილი, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლაშა გურული.