რაც არ არის ნათქვამი არის ის, რომ შეხვედრა დავიწყე ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით, - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.
„რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს გუშინ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ X-ზე წერს:
„დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში".
ორი დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.