ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ წევრი ქვეყნების ლიდერები ბლოკის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის დასაფინანსებლად ახალი გადასახადების შემოღების აუცილებლობაზე განუცხადა.
პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა ხორვატიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ საგადასახადო შეთანხმების ჩაშლა ეროვნული შენატანების გაზრდას ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების შემცირებას გამოიწვევს. კოშტამ ევროპელ ლიდერებს 15 ოქტომბრის სამიტამდე საკუთარი მკაცრი პოზიციების დათმობისკენ მოუწოდა.
საყურადღებოა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოზიციების შეჯერებისა და კომპრომისის მისაღწევად ევროკავშირის 27 დედაქალაქში შეხვედრებს თავად მართავს. როგორც ცნობილია, წევრი სახელმწიფოების მთავრობები ევროკომისიისთვის დამატებითი საგადასახადო უფლებამოსილებების მინიჭებას ეწინააღმდეგებიან, კოშტა კი ამ ვითარების შეცვლას ცდილობს.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა კოშტასთან მოლაპარაკების შემდეგ თამბაქოს დაბეგვრის ინიციატივაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არაპროპორციული ტვირთის დაკისრებას არ დაუშვებს. მეორე მხრივ, გერმანია და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ბიუჯეტში საკუთარ შენატანებს ისედაც გადაჭარბებულად მიიჩნევენ. რაც შეეხებათ სამხრეთისა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებს, ისინი აგრარული სექტორისთვის მეტ დაფინანსებას ითხოვენ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ ბიუჯეტის შესავსებად გასულ წელს წარადგინა ხუთი ახალი საერთო საგადასახადო გეგმა, რომელიც ნახშირბადის იმპორტს, ემისიებს, ელექტრონულ ნარჩენებს, კორპორაციულ მოგებასა და თამბაქოს ნაწარმს მოიცავს. ეს პაკეტი წელიწადში €66 მილიარდის ($73 მლრდ.) მობილიზებას ითვალისწინებს. აღსანიშნი ფაქტია, რომ ნებისმიერი ახალი გადასახადის დამტკიცება წევრი ქვეყნების ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს.




























