ოფიციალურმა ბრიუსელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არასრულწლოვანთათვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შემზღუდველი ეროვნული კანონპროექტების მიღების 12 თვით შეჩერება მოსთხოვა.
კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, თომას რენიეს განცხადებით, საერთო ევროპული გამოწვევა ერთიან პასუხს მოითხოვს, რის გამოც წევრმა ქვეყნებმა ყურადღება Kids Act-ის (ბავშვთა აქტის) გარშემო მოლაპარაკებებზე უნდა გაამახვილონ.
ინფორმაციისთვის, ბრიუსელის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო წინადადება 13 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომის აკრძალვას, 15 წლამდე პირებისთვის კი მის მკვეთრ შეზღუდვას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელისგან კანონპროექტის შეჩერების პირველი ოფიციალური მოთხოვნა ავსტრიამ მიიღო. ვენამ 14 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის ინიციატივა ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის შესამოწმებლად კომისიას ჯერ კიდევ ივლისში გადაუგზავნა.
საყურადღებოა, რომ ავსტრიის სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდერ პრიოლმა ბრიუსელის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ევროკომისიის მხრიდან ეროვნული კანონების დაბლოკვა მანამ, სანამ თავად მზა ევროპული გადაწყვეტა არ გააჩნია, მიუღებელია. ქვეყნის ვიცე-კანცლერმა, ანდრეას ბაბლერმა კი დაადასტურა, რომ ვენა საკანონმდებლო მუშაობას გააგრძელებს, რათა 12-თვიანი პაუზის ამოწურვისთანავე აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა მოზარდების ციფრული უსაფრთხოების დასაცავად ერთიანი საკანონმდებლო ინიციატივა სექტემბერში წარადგინა. Kids Act-ის სახელით ცნობილი პროექტი ონლაინპლატფორმებს, ვიდეოთამაშებსა და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს უწესებს.
























