საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სამართლებრივად, პრეზიდენტის ფუნქცია არჩევნების აღიარება ან არ აღიარება, არ არის. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტის სხდომა მოიწვიოს.
"პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტის სხდომა მოიწვიოს. პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების აღიარება ან არ აღიარება. კონსტიტუციურად, [პრეზიდენტს] არ აქვს ეს ფუნქცია განსაზღვრული. თუ [პრეზიდენტი] არ იწვევს [სხდომას], კონსტიტუციას დაარღვევს. თუ ამას არ გააკეთებს, რა მოხდება, ჩანაწერი არ არის კონსტიტუციაში, თუმცა მმართველი პარტია ამბობს, რომ ჩანაწერის ანალოგიას გამოიყენებს, სადაც წერია, რომ თუ პარლამენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას პრეზიდენტი არ მოიწვევს, პარლამენტი მაინც შეიკრიბება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება პარლამენტის მუშაობის პროცესს. ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობისთვის 76 დეპუტატია საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი, ცესკო-ს მონაცემებით, 89 მანდატი აქვს. მისი თქმით, მიუხედავად ოპოზიციის არ შესვლისა, საკანონმდებლო ორგანო მუშაობის დაწყებას შეძლებს.
"76-მა დეპუტატმა მინიმუმ 100 დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს. ამ შემთხვევაში, "ქართულ ოცნებას", ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, 89 მანდატი აქვს. რაც შეეხება სიების ჩახსნას, შეუძლია თუ არა გავლენა იქონიოს. სიებს პარტიები ვერ ჩახსნიან მანამ, სანამ პარლამენტი უფლებამოსილებას არ ცნობს. მანდატების დატოვებს შემთხვევაში, პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს. თუ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო დატოვა, ეს პარლამენტის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის", - აღნიშნა მან.