ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საზიანო იქნება საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვისაც.
„ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი.
ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის.
ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ უცხოური აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტს გუშინ პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.