მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, „ამ ეტაპზე“ არ შეუწყვიტოს ფარცხალაძეს მოქალაქეობა, გამაოგნებელია - სანდრო ბარამიძე

სანდრო ბარამიძე
BM. GE
23.09.23 17:17
16

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, „ამ ეტაპზე“ არ შეუწყვიტოს ფარცხალაძეს მოქალაქეობა გამაოგნებელია.

მისი მოსაზრებით, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება გზას უხსნის, ისარგებლოს თურნავას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ბრძანების „სიკეთეებით".

"ორიოდე დღით ადრე მან თავად უმკაცრესი შეფასება მისცა ფარცხალაძის პიროვნებას და, მეტიც, თავად განაცხადა საჯაროდ, რომ დაუყოვნებლივ შეუწყვეტდა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებულ კაცს მოქალაქეობას, თუ შესაბამისი უწყება მას შესაბამის წარდგინებას გადასცემდა. რამდენადაც უცნაური არ არის, ასეთი წარდგინება მას ქართული ოცნების ხელისუფლების შესაბამისმა უწყებამ გადასცა. ზურაბიშვილმა კი პოზიცია 180 გრადუსით შეიცვალა და ახლა აცხადებს, რომ ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ შეუწყვეტს, რადგან მან პასუხი უნდა აგოს „სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქემ“.

არ მინდა გამოვთქვა შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი სინამდვილეში ივანიშვილის თამაშს თამაშობს და სხვა. ეს აზრი ისედაც ტრიალებს ჰაერში და ვფიქრობ, ამ მხრივ, ორიგინალურს ვერაფერს ვიტყვი. თანაც, მე, როგორც, ალბათ, ყველა გონიერი ადამიანი, სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ზურაბიშვილს მის პროევროპულ და პროუკრაინულ პოზიციებში, რაც მან არაერთხელ მკაფიოდ გაახმოვანა. ამდენად, ახლა ზურაბიშვილისათვის რაღაც ფარული ზრახვების დაბრალება ყოველმხრივ არასწორად მიმაჩნია.

მოდი, ვივარაუდოთ, რომ ზურაბიშვილის პოზიცია გულწრფელი მორალურ-სამართლებრივი პოზიციაა; რომ მას მართლაც მიაჩნია, რომ ფარცხალაძე მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს, როგორც საქართველოს მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ვურჩევდი, რომ ეს პოზიცია მცდარია, როგორც მორალის, ისე სამართლის კუთხით.

პირველ რიგში, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული, რომლის ჩადენა შეიძლება შეერაცხოს ფარცხალაძეს, იქნება ეს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა თუ სხვა, შეიძლება ჩადენილი იქნეს ნებისმიერი პირის, - როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ. წმინდა იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არ არის. ამდენად, ფარცხალაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ქონა სრულიად არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მას წარედგინოს ბრალი და გასამართლდეს ასეთი დანაშაულის ჩადენის გამო.

მეორე, თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები ზემოაღნიშნული დანაშაულის სუბიექტად აუცილებლად საქართველოს მოქალაქეს მიიჩნევდეს, რაც, როგორც ვთქვით, ასე არ არის, ფარცხალაძე მაინც ვერ გაექცეოდა პასუხისმგებლობას, რადგან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო საქართველოს მოქალაქე და ახლა მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მას იმუნიტეტს ვერ შეუქმნიდა.

მესამე, თუ ფარცხალაძემ ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, მაშინ მორალის კუთხით გაკიცხვისთვისაც არ არის აუცილებელი, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. თუ დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო საქართველოს მოქალაქე, რაღა მნიშვნელობა აქვს იმას, იქნება თუ არა ის კვლავაც საქართველოს მოქალაქე მისი ბრალდების ან მსჯავრდების დროისათვის.

მეოთხე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სწორედ რომ აკისრია სამართლებრივი და მორალური ვალდებულება, შეუწყვიტოს ფარცხალაძეს მოქალაქეობა. ყოფილი მაღალი თანამდებობების მქონე პირი, რომელმაც იმითაც კი არ შეიწუხა თავი, რომ ეცნობებინა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ღებულობდა (თუმცა, სხვათა შორის, ასეთი რამ რომ გაეკეთებინა, იგი შეინარჩუნებდა საქართველოს მოქალაქეობას), ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იგივე პირი, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობაშია მხილებული, რაც, არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ მოქალაქეობის დაკარგვის ცალკე საფუძველია.

დასასრულ, სრული გულუბრყვილობაა იმის გაფიქრება, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ფარცხალაძეს შეიძლება წარედგინოს ბრალი. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება კი გზას უხსნის ფარცხალაძეს, ისარგებლოს თურნავას ამასწინანდელი ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ბრძანების „სიკეთეებით“, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, სხვათა შორის, ასევე უმკაცრესი შეფასება მისცა", - წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბარამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები