ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყანაში დეპოლარიზაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.
“არ მინდა, ამ საკითხზე კომენტარი წინასწარ გავაკეთო. ორივე მხარემ, როგორც პრეზიდენტის, ასევე მმართველის პარტიის, საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს და ახლა, ისევე როგორც ყველა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები. როგორც ეს ჯოზეფ ბორელმაც თქვა, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი დეპოლარიზაციის პროცესს არ დაეხმარება და პირიქით, გაამწვავებს მას”, - ამბობს ელჩი.
საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო. საკონსტიტუციო წარდგინების ავტორების - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოზიციაა, რომ საზღვარგარეთ პრეზიდენტის ვიზიტებზე მას მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია, როგორც ამას კონსტიტუციის 52-ე მუხლი ავალდებულებს. წარდგინების განხილვა გუშინ, 5 ოქტომბერს დასრულდა, სასამართლომ კი დასკვნა 2 კვირის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმაა საჭირო.