მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის იმპიჩმენტით დგება რისკი, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს - ბორელი

ჯოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, რასაც მმართველი პარტია აპირებს, ქვეყანაში პოლარიზაცია გაიზრდება. 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბორელმა ეს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს ამისი პოტენციალი აქვს რომ წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია და ცოცხალი" სამოქალაქო სექტორი. ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა", - ამბობს ბორელი.

იმპიჩმენტის დაწყების მიზეზად "ქართული ოცნება" საზღვარგარეთ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ შეხვედრებს ასახელებს და ამბობს, რომ მთავრობას მისთვის ამის უფლება არ მიუცია.

იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3. საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და ერთი თვის ვადაში ადგენს, დაარღვია თუ არა თანამდებობის პირმა კონსტიტუცია, ან არსებობს თუ არა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.

თუ არ დადასტურდა ეს ფაქტები, საქმე წყდება, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები