მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ინიციატივით, დღეს ევროპის მოედანზე შეკრება გაიმართება

62a9f5ec171b8
BM.GE
16.06.22 09:00
996
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედანზე, ქართველი ხალხის მიერ ევროინტეგრაციისკენ და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილის გამოსახატად შეკრება გაიმართება.

ეს აქცია პრეზიდენტმა 14 ივნისს, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ დააანონსა, სადაც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში არსებული სირთულეებსა გამოწვევებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპის მოედანზე შეკრების ერთი საათიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავისი პოზიცია გამოხატონ. მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეკრებაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან - ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ ასევე, გთავაზობთ არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ შევიკრიბოთ, ყველა, ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე - მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები. თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღერონ. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ეს ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა, არ გვინდა კიდევ მეტი ჩვენი ემიგრანტების იქითკენ წასვლა, ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, რომელიც ჩვენთვის მისაღებია.

ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16-ში, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ. მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების, რომ შემოგვიერთდნენ.

ვთხოვ, ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებულ მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგები და ყველა სხვა დაპირისპირება. ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე.

მივმართავ სამართალდამცველებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული რათა ექსცესები გამოირიცხოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

მან 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და ამ შეკრების უსაფრთხოების პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა.

„მივმართავ ასევე, 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება, ახლა, ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, რომ თუ მაინც ჩატარდა და ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე შემიძლია მივმართო მხოლოდ თხოვნით- თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქმნება რამეთუ დემონსტრირების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა! თუ ამას შევიგნებთ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები