პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.
პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.
სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.
შეგახსენებთ: "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ "კონსტიტუციის დარღვევით" არის განპირობებული, რაც მის მიერ უცხოეთში - გერმანიასა და ბელგიაში დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება, რისთვისაც მას მთავრობამ ნებართვა არ მისცა.
კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტზე „ქართული ოცნება“ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც.