საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება ორბელიანის მოედანზე პრეზიდენტის რეზიდენციის აღების გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ქმედება რეჟიმის მიერაა დაგეგმილი - ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს.
"პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დამცინავი გადაწყვეტილება მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, რათა დისკრედიტაცია გაუწიოს ქართველი ხალხის 310-დღიან მშვიდობიან პროტესტს. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად უარვყოფ ამას და მშვიდობიანად გავაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში გავიმარჯვებთ", - წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე შეუერთდა. როგორც მან "TV პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ათონის რეზიდენციაში შეჭრა პროვოკაციაა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის დაშლას ემსახურება.
"ეს ხალხი აქ იმისთვის დგას, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღე გრძელდება. აქ ვინც დგას, არავის სჯერა სასწაულების, პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ არის მცდელობა, რომ მშვიდობიანი პროტესტი დაშალონ ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ გაგრძელდეს მშვიდობიანი დგომა, რასაც ვერაფერს ვერ უშვებიან. ხვალაც ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ეს პროვოკაცია მშვიდობიანი პროტესტის გამარჯვებით დამთავრდეს", - განაცხადა მან.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტების ნაწილმა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის მიზნით გადაინაცვლა. მათ რკინის ჯებირი გაარღვიეს და ეზოში შევიდნენ, რასაც ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. პრეზიდენტის სასახლესთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამ დროისთვის ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის და სპეცტექნიკის მობილიზებაა, მათ პერიმეტრი სრულად დაიკავეს.




























