საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანტი-ლგბტ კანონს არც ვეტო დაადო და არც ხელი მოაწერა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში bm.ge-ის უთხრეს, კანონის შესაბამისად, პროექტი პარლამენტს უკან დაუბრუნდა.
გაცხადებული არ არის, თუმცა კანონს სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოაწერს ხელს.
საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური, კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს 84 მომხრე და 0 წინააღმდეგი ჰყავდა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.