მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადების მედლით 34 ჟურნალისტი დააჯილდოვა

ჟურნალისტები

პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, სამოქალაქო თავდადების მედლით 34 ჟურნალისტი დააჯილდოვა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, რომლებიც აქციებს აქტიურად აშუქებდნენ, მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე ვერ დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მიმართა და 28 ნოემბრის შემდეგ პროევროპული აქციების გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებმაც არამხოლოდ კამერა და მიკროფონი აიღეთ, არამედ ხელში ამ ქვეყნის მომავალი აიღეთ. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, რადგან ადვილი არ არის მიხვიდე და დადგე იქ, სადაც ეს მხეცები დგანან, მათ წინაშე დადგე და კითხვები დაუსვა, გაზის გაშვებისას მათ წინაშე იდგე და დარჩე შენს ხალხთან ერთად, რომ როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ არ დანებდე და არ შეგეშინდეს. მე არ ვიცი, თქვენს ადგილას ამას ვერ გავბედავდი, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანამ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ეს არის ის, რაც ჩვენი საზღვრების გარეთ ჩანს და რაზედაც ჩვენ ალბათ შურით გვიყურებენ, რადგან დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისა და ფასეულობისთვის, ენისთვის, რწმენისა და მომავლისთვის - ეს თქვენ ხართ, წინა რიგებში ხართ და თქვენთან ერთად იბრძვის ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება, აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად მცდელობებია, რომ წარმოდგენილი იყოს რომ თითქოს დაპირისპირებაა... ის საქართველო არ არსებობს, რომელიც რუსეთის მომხრეა და მზად არის რომ ჩაჰბარდეს.

დაპირისპირებაა შემართული საზოგადოებისა და "ტიტუშკების" და ვიღაც ვიღაცების...

მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, მაგრამ თქვენ სამადლობლად არ აკეთებთ ამას, იმიტომ რომ გესმით ბოლომდე თქვენი პროფესიული ვალდებულება. ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო დიდი ზეწოლა, იმიტომ რომ თქვენ ხართ ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, რომლებიც არ დგანან დემონსტრაციებზე მათ არ ეცოდინებოდათ რა ხდება.

თქვენი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, ხვალ და მომავალში ამ თავდადებისთვის მე თქვენ გაჯილდოვებთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამოქალაქო თავდადების მედლებით შემდეგი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჭაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე-მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები