„შავ და თეთრ ფულს" საერთოდ არ ეხება ეს კანონი და კავშირი არ აქვს ფულის წასვლა-მოსვლასთან", - ასე უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს პარლამენტის სხდომაზე, სადაც „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ახსნა თუ რას და ვის ეხება „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები და რატომ არის ე.წ. ვეტო შენიშვნების გარეშე.
პაატა კვიჟინაძის თქმით, დღეს საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„მანივალის რეკომენდაციებით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ, შედეგად დღეს ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო გვაქვს. რა სანქციებზე ლაპარაკობთ ხალხო, თუ ვინმე დასანქცირდება, იმას საქართველო უშველის, უბრალოდ უნდათ, რომ თუ ვინმეს ეს საკითხი არ ესმის, დარჩეს ნეგატივი, გამორიცხულია, ვერავინ ვერავის დაიცავს სანქციებისგან", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ და აღნიშნული კანონის პოლიტიკურ კონტექსტს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.
„სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. რა მაქვს მხედველობაში? განხილვები დროში დაემთხვა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და იფიქრეს, რომ მუხტი აეწიათ. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველ მოსმენაზე როცა პრინციპების დონეზე ხდება განხილვა, არც კომიტეტზე და არც სესიაზე ხმა არ გაუღია არავის, არც კომიტეტზე მეორე მოსმენის დროს. მაშინ როცა სესიაზე საკითხი დღის წესრიგში დადგა გამჭვირვალობის კანონპროექტის შემდეგ, ოპოზიციას მისცეს ინსტრუქცია და ყველამ ერთ ხმაში დაიწყო საუბარი. მათაც კი ამოიღეს ხმა, ვისაც ეკონომიკაზე სიტყვა არ უთქვამს არასდროს, დაწერილი ტექსტები წაიკითხეს", -აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არ არის მოტივირებული შენიშვნები, მთლიანად ამოღებულია დამტკიცებული ცვლილება და პრეზიდენტის სამოტივაციო ნაწილი სრულად ეყრდნობა ე.წ. დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს, რომელთა ვინაობა, არაერთი კითხვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია.
„თუ ექსპერტები წერენ ვეტოს, მაშინ ეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რად გვინდა ან პრეზიდენტი, მაშინ შევქმნათ ექსპერტების საბჭო და იმან დაადოს ვეტო და ის მაინც გვეცოდინება ვინ არიან ეს ექსპერტები და პასუხს მაინც გაგვცემენ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.