პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურება. აღნიშნულს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.
პროექტს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის არსებული რედაქციით, პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, ხოლო პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს − თანამდებობაზე არჩევის დღიდან პერსონალური დაცვა ენიშნება, რომელიც უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ ერთი წლის ვადით უნარჩუნდებათ.