“ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უკრაინას რუსეთთან “სასწრაფო დაზავება” შესთავაზა, რაც პრორუსული “სამშვიდობო გეგმის” ნაწილია”, - ამის შესახებ უკრაინული Pravda იტყობინება.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორბანმა განმარტა, რომ მან ზელენსკის რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესთავაზა. ორბანის განმარტებით, ის ომის შეწყვეტისთვის უკრაინის მიერ მიღებული ზომების წინააღმდეგი არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ ზელენსკის გეგმა გაცილებით დიდ დროს მოითხოვს.
“შევატყობინე ბატონ პრეზიდენტს, რომ მისი გეგმა, საერთაშორისო დიპლომატიური წესების გათვალისწინებით, დიდ დროს საჭიროებს. ამიტომ პრეზიდენტს ვურჩიე, განსხვავებული გეგმა განეხილა: შეწყვიტოს ცეცხლი და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, რადგან ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა”, - აღნიშნა ორბანმა.
უკრაინული მედიის ცნობით, მისი ინიციატივების მიღება დაჟინებით არ მოუთხოვია და უკრაინის არგუმენტები მოისმინა და პირობა დადო, რომ მოსმენილს ევროკავშირის ლიდერებს გადასცემდა.
აღსანიშნავია, რომ საკითხზე ზელენსკის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა უკრაინის სამშვიდობო გეგმას, რომელიც პრეზიდენტმა შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარადგინა.