ბუდაპეშტი და კიევი ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანაზე შეთანხმდნენ.
როგორც ირკვევა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა, რა დროსაც მხარეებმა ეთინკური უმცირესობების უფლებების გარშემო არსებული დაძაბულობის განმუხტვა შეძლეს.
მადიარმა უკრაინელ კოლეგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ სრული სოლიდარობა გამოუცხადა და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უნგრეთი კიევს ყველა შესაძლო დიპლომატიური ბერკეტით დაეხმარება. თავის მხრივ, ზელენსკიმ შეხვედრა ძალიან დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში ვიზიტის წინააღმდეგი არ არის.
საყურადღებოა, რომ ორმხრივი დათბობის ფონზე უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწია და ბლოკთან შიდა ბაზრისა და კონკურენტუნარიანობის სტანდარტებზე მოლაპარაკებები გახსნა. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა წინააღმდეგობა მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელმაც უნგრულენოვანი და სხვა უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებები გააფართოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ზაკარპატიის ოლქის უნგრელი უმცირესობის უფლებების განმტკიცებაზე მიღწეული შეთანხმება მოიწონა და საგანმანათლებლო ცვლილებებს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის პირველი ნაბიჯი უწოდა.
ცნობისთვის, უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ევროკავშირის მიერ კიევის მხარდაჭერის პროცესში საკვანძო ფაქტორად მიიჩნევა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის მილიარდობით ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფასა და ქვეყნის გაერთიანებაში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა.
























