ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა.
ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო კიკნაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სფეროში არსებულ ყველა გამოწვევაზე ისაუბრეს.
" ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც დღეს კლინიკების წინაშე დგას. ეს არის DRG-ის სისტემის გადახედვა სხვადასხვა კოდებზე, ეს არის რეანიმაციული განყოფილების დაფინანსება, მონიტორინგის მექანიზმები, ინფექციის კონტროლის ჯარიმების გადახედვა.
ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობაზე და იმედი გვაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც კლინიკების წინაშე დგას. კლინიკები კი, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ პაციენტის კარგი მომსახურების ხარისხზე დაიწყონ მუშაობა" - განაცხადა კიკნაძემ.
შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილემ, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა განაცხადა, რომ საცდელი და დაკვირვების პერიოდი დასრულდა, ახლა კი, ცვლილებების დროა.
"DRG-ის სისტემაზე გადასვლას მივესალმებით სექტორი, მაგრამ ის გამოვლენილი ხარვეზები, დაგროვილი პრობლემები უნდა გადაიჭრას რომ შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. ამოვწურეთ ის პერიოდი, როცა იყო საცდელი პერიოდი, დაკვირვების პერიოდი, სანამ მონაცემები დაგროვდებოდა რომ ანალიტიკა გაკეთებულიყო. ახლა შესაბამისი მონაცემები დაგროვილია და არის მოლოდინი რომ ანალიზის საფუძველზე გადახედვა მოხდება. მოლოდინია, რომ გადავალთ სამუშაო რეჟიმში" - განაცხადა მახარაშვილმა.