"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანაა ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირით.
მან მთავრობის სხდომაზე ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ პრივატიზაციის ნაწილში პრაქტიკა მთლიანად შევცვალეთ. ყველაფერი გამოდის აუქციონზე იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს სახელმწიფომ და ბიუჯეტმა. ნებისმიერი პრივატიზაციიდან, კადრების ოპტიმიზაციის მიმართულებით ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა წლიურ ჭრილში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მლნ არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად, რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.




























