მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრივილეგიები, რაც გვაქვს EU-სთან ვაჭრობის კუთხით, ამ ბაზარზე კონკურენტებთან უდიდეს უპირატესობას გვაძლევს - რუსთავის აზოტი

ლევან ბურდილაძე

საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა. წელს 9 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 90.5 მილიონი დოლარის 299 047 ტონა სასუქები გავიდა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის ზრდა სასუქზე ფასების ზრდამ განაპირობა. „საქსტატის მონაცემებით, ერთი ტონა აზოტოვანი სასუქების საექსპორტო საშუალო ფასი წელს 302 დოლარი გამოდის, შარშან ამავე პერიოდში საშუალო ფასი 270 დოლარი იყო.

აზოტოვანი სასუქების ადგილობრივი ექსპორტი ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალი 2022 წელს იყო. მაშინ 9 თვეში ექსპორტზე 207 მილიონი დოლარის 332 000 ტონაზე მეტი აზოტოვანი სასუქი გავიდა, საშუალო ფასი 623 დოლარს აღწევდა.

საქართველოში სასუქის მწარმოებელი „რუსთავის აზოტის“ მფლობელი „ინდორამა კავკასიის“ დირექტორი ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ დღეისათვის საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი დაბალია და საწარმოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დასაფარად ყოფნის და კაპიტალურ პროექტებში ინვესტირებას „ინდორამა“ ახდენს.

დღეს 300 დოლარზე ოდნავ მეტია ამონიუმის ნიტრატის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საწარმომ იფუნქციონიროს შეფერხებების გარეშე, თუმცა ეს ფასი ფაქტობრივად მხოლოდ ჩვენს საოპერაციო ხარჯებს ფარავს. ანუ, ფასები არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მოდერნიზაციის, ახალი პროექტების თანხები თავად საწარმომ გამოძებნოს, მაგრამ „ინდორამა ჯგუფი“ ახდენს ინვესტირებას და ამ კუთხით გეგმები არ შეცვლილა“, - ამბობს ლევან ბურდილაძე.

მისი თქმით, ქართულ პროდუქციას კონკურენციის გაწევა უწევს რუსულ მწარმოებლებთან, რომლებიც დაბალი ფასით ოპერირებენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში სეზონი არ არის, გვიწევს პროდუქციის რეალიზაცია არაევროპულ ბაზრებზე. ეს არის ამერიკის ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, ასევე ნაწილი პროდუქციის გადის აფრიკის ქვეყნებშიც. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბაზრებზე რუსი მწარმოებლები ძალიან აქტიურად ყიდიან თავიანთ პროდუქციას და აქვთ თვითღირებულება გაცილებით დაბალი ( ბუნებრივი აირის ფასის გამო) შესაბამისად, რთულია კონკურენციის გაწევა რუს მწარმოებლებთან. გაზაფხულზე, როდესაც სეზონი იწყება ევროკავშირის ქვეყნებში, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთგვარი შეღავათია, ვინაიდან რუს მწარმოებლებთან კონკურენცია ჩვენ გაცილებით უფრო ნაკლებად გვიწევს. ის პრივილეგიები რაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით რა თქმა უნდა, უდიდეს უპირატესობას გვაძლევს. ამ წლების მანძილზე, ეს პრივილეგიები გვაძლევდა იმის საშუალებას, საწარმოს ემუშავა და გაეგრძელებინა უწყვეტი ფუნქციონირება“, - აცხადებს ლევან ბურდილაძე.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის EBRD-ის თანადაფინანსებით, 2026 წლიდან დაგეგმილია ფოროვანი გვარჯილის წარმოების დაწყება. ასევე 2 მეგავატიანი ორთქლის ტურბინის და 24 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მოწყობას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები