პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-ის ბიზნესსექტორის წასახალისებლად მთავრობამ აქტიური ნაბიჯები გადადგა, თუმცა რეალური დაინტერესება მათგან ამ დრომდე არ ყოფილა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა ნებისმიერი დასავლური ინვესტიციისთვის, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს პასუხობს.
„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ჩვენთვის მთავარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი შუა დერეფნისა, რაც არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არამედ რეგიონულ ინტერესებშია, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ინტერესებს, აქ რა თქმა უნდა მივესალმებით ნებისმიერი ინვესტორის ეკონომიკურ ინტერესს. სტრატეგიული ინტერესები კი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ეს შეთანხმება სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით მოხდეს ისე, რომ საქართველოს ჰქონდეს გადაწყვეტილების უფლება.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია. თუმცა სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ ვერანაირი ინტერესი ამერიკელი ინვესტორის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მიზანმიმართული იყო მცდელობა საქართველოს მთავრობის მხრიდან და საქართველოს მთავრობას არანაირი მცდელობა არ დაუკლია, რომ დაეინტერესებინა არა მხოლოდ ინვესტორები, არამედ ამერიკის ხელისუფლებაც, რომ ამერიკის ხელისუფლებას წაეხალისებინა საკუთარი ბიზნესს სექტორი, რომ ჰქონოდა ინტერესი ინვესტიცია ჩაედო ანაკლიის პორტში.
ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი ინვესტიცია, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნებოდა, მაგრამ აქამდე საჯაროდ თუ დახურულ კარს მიღმა, როდესაც მსჯელობა იყო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თუ სხვა ნებისმიერ პროექტზე, საქართველოს ხელისუფლება პროაქტიურად სთავაზობდა ამერიკელ ინვესტორებს ინვესტიცია ჩაედოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დაინტერესება არ იყო ძალიან მაღალი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გამოავლინა. 10 წლის თავზე საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია. კერძოდ, ანაკლიის პორტის პროექტებს მთავრობა ახორციელებს როგორც პორტის აქციონერი, მოლაპარაკებები ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-თან გრძელდება, რომელიც 2024 წლის მაისში საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ დასახელდა, თუმცა ამ დრომდე მასთან ოფიციალურად კონტრაქტი გაფორმებული არაა. პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.
მიმდინარე წლის 26 მარტს, ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ამერიკულმა დელეგაციამ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პერსელთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები, რომელსაც ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ (Jan De Nul) ახორციელებს.




























