გურიაში მდებარე საკალმახე მეურნეობის „ვაკიჯვრის საკალმახე“ გაყიდვების მენეჯერის, ერეკლე ჩხარტიშვილის განცხადებით, ბაზარი თურქეთიდან იმპორტირებული თევზითაა გაჯერებული, შესაბამისად, მოთხოვნის არ არსებობის გამო წარმოებას ვერ ზრდიან.
მისივე ცნობით, სამომავლო პერსპექტივაში არა წარმადობის ზრდა, არამედ ტექნოლოგიურად დახვეწა იგეგმება, რაც მათ ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
„7 ჰა-ზეა გაშენებული ეს ობიექტი. ობიექტის გაფართოებას აზრი აღარ აქვს. სიმძლავრე გვაქვს და შეგვიძლია კიდეც გაზრდა, მაგრამ ბაზარი არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ.
ჩვენი პრობლემა თურქული თევზია, რომელიც კონკურენციაში ქართულ თევზთან შემოდის. ქართული თევზი ბაზარზე სულ 20% თუ იქნება. მე რომ თევზის წარმოება გავზარდო, მაშინ ბაზრის გაჯერება გამოდის და შემდეგ ეს პროდუქციის ფასის ვარდნას გამოიწვევს. ამიტომ, რასაც ვაწარმოებთ, საკმარისია. მეტის მოთხოვნაც არ არის, ასე გამოდის. ამიტომ, ტექნოლოგიურად დახვეწას ვგეგმავთ“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი.
ინფორმაციისთვის, საკალმახე გურიაში, ვაკიჯვარში მდებარეობს. ობიექტი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო აშენებული და 3 აუზს მოიცავდა. 17 წლის წინ კი კომპანია „ნიკორამ“ შეიძინა და დაახლოებით 2-ჯერ გაფართოვდა. ამჟამად, წარმოებაშია კალმახი და ხიზილალა, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებსა თუ სუპერმარკეტებში იყიდება.