მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები, რომელსაც ექსპორტიორები საგანგებო მდგომარეობის დროს აწყდებიან

5e820e0cca789
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.20 09:45
1594
გაძვირებული ლოგისტიკური მომსახურება, საბაჟოებზე დამატებითი შემოწმებების გამო შეფერხებული ექსპორტ-იმპორტი, საექსპორტო ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები, არასაკმარისი ნედლეული პროდუქციის საწარმოებლად - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელსაც დღეს საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ მოქმედი ბიზნესები აწყდებიან. მიზეზი ისევ პანდემია Covid 19-ია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.

რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა საქართველოს ექსპორტზე მარტში, ეს რამდენიმე დღეში გვეცოდინება, როცა საქსტატი ოფიციალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, თუმცა, ბიზნესი უკვე საუბრობს პრობლემებზე. საქართველოს ექსპორტის ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიები არათუ ახალი შეკვეთების მიღებას, ძველის შესრულებასაც ვერ ახერხებენ, რადგანაც მათი უცხოელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ვერ მიიღებენ ტვირთებს. შედეგად, კონტრაქტები გაყინული და გაჩერებულია.

“მაგალითად, კომპანიებისთვის პრობლემაა ნედლეულის შემოტანა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემაა და შესაბამისად, იქაც ბევრი კომპანია დაიხურა და ნედლეულს ვეღარ აწარმოებენ.

არის შეფუთვის პრობლემაც. იცით, რომ საქართველოში შესაფუთი მასალების სიმცირეა და ბევრი კომპანია იყენებს იმპორტირებულ პროდუქციას - ბევრი არის უკრაინიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამიტომ არის შეფერხებები.

ასევე ყურადსაღებია გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის პრობლემა - სადეზინფექციო თუ სხვა შემოწმების პროცედურების გამო ფერხდება გადაადგილება ქვეყნებს შორის და ეს განსაკუთრებით ეხება საგზაო ტრანსპორტს. კომპანიები ამბობენ, რომ ძალიან გაძვირებულია ლოგისტიკა და ამ კუთხით ხარჯები გაიზარდა, სერვისი კი შენელდა, რაც თავისთავად წნეხია კომპანიებისთვის”, - აცხადებს ანი კვარაცხელია.

საქართველოს ექსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელი საბაჟოზე არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს. ანი კვარაცხელიას ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის შეზღუდვებია დაწესებული, ქვეყნიდან ასეთი პროდუქციის გატანა აიკრძალა, თუმცა, დაშვებულია გამონაკლისები, რაც ინდივიდუალურად განიხილება. შედეგად, გარკვეულ კომპანიებს ექსპორტზე სერიოზული პრობლემები ექმნებათ.

“კომპანიებს პროდუქცია ექსპორტისთვის აქვთ გამზადებული, მაგრამ რიგი პროცედურებია გასავლელი - მათ უნდა მისწერონ შესაბამის უწყებებს, რა პროდუქციის გატანა სურთ, შემდეგ დაელოდონ პასუხს, რადგან არ არსებობს კონკრეტული სია, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ეცოდინებათ, რა პროდუქციის გატანა შეეძლებათ ან არ შეეძლებათ, ამიტომ ზოგიერთ კომპანიას ექსპორტი შეჩერებული აქვს”, - აცხადებს ანი კვარაცხელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები