მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პრობლემების მოკლე ვადებში გადაჭრისთვის პროაქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ“ - მინისტრებმა სკოლები მოინახულეს

სკოლები

„პრობლემების მოკლე ვადებში გადაჭრისთვის პროაქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განათლების მინისტრთან ერთად თბილისში რამდენიმე სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესის მონახულებისას განაცხადა.

მინისტრებმა თბილისის N10, N158, N221 და N133 სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ხელმძღვანელებისგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებები მოისმინეს. ამასთან, მშენებლობის საკითხი განიხილეს და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ სოხაძემ და გივი მიქანაძემ განსაზღვრეს კონკრეტული ნაბიჯები პროექტების დაჩქარებისა და სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის, რათა პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.

„დღეს, განათლების მინისტრთან ერთად, ვიმყოფებოდით თბილისის რამდენიმე სკოლაში, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ოპერატიულად მივიღეთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც ნაძალადევის რაიონს, ასევე დიდ დიღომს, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას.

ვფიქრობთ, მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად აისახება აღნიშნულ ტერიტორიებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. პროაქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიჭრას და ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა, სწავლა გააგრძელონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, №10 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია შენობის პირველი კორპუსი, ამ ეტაპზე კი გარე ფასადის და შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სკოლა, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს.

თბილისის №133 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი ფლიგელის მშენებლობის შესახებ. ახალი სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს.

ასევე გადაწყდა, რომ საბურთალოს რაიონში მდებარე №158 საჯარო სკოლის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 1000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას დამატებითი ფლიგელის მშენებლობაც ვერ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები