თელავში, წუხანდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თელავში 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა გაგზავნა. უწყების ცნობით, ბობკატები, თვითმცლელები, გრეიდერები და ექსკავატორები სტიქიის შტაბთან კოორდინაციით იმ ადგილებზე გადანაწილდებიან, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ყველაზე მეტად არის საჭირო.
სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მთავრობის წევრები, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა სერიოზულად არის დაზიანებული.
„ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული“, - განაცხადა სოხაძემ.
ოფიციალური უწყებების განცხადებით, თელავში გზების გაწმენდის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.




























