თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, რომლებზეც ექსპერტიზა საფრთხის არსებობას დაადგენს, სახელმწიფო გამოსყიდვის ან ალტერნატიული ფართების შეთავაზების პროცესს დაიწყებს.
ამისა და 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თელავში ვიზიტისას ისაუბრა.
რევაზ სოხაძის თქმით, თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ კალაპოტის მოწესრიგებას არ მოიცავს და პროცესში მიმდებარე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაც შეფასდება.
„პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა“.

რევაზ სოხაძე ასევე გამოეხმაურა მოქალაქეების ინტერესს სტიქიის შედეგად დაზიანებულ კომერციულ ფართებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა პროექტირების ჯგუფთანაც.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები.

უწყების ცნობით, გაწმენდითი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება არხისა და დამბების კაპიტალური რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს:
- ბეტონის დამცავი კედლებისა და დამცავი ძირის მოწყობას;
- საფეხმავლო ტროტუარების კეთილმოწყობას;
- ხევის სრული მონაკვეთის მოწესრიგებას ქალაქიდან მდინარე ალაზნამდე.
მინისტრის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქის უსაფრთხოებას, ისე მის ურბანულ გარემოსა და ვიზუალურ იერსახეს.
„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი გახდება უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ“.
სტიქია თელავში 12 ივნისს დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად, თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა და დაზიანდა თელავის მიმდებარედ არსებული ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.




























