„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორთა საბჭოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ბაქრაძის შეფასებით, ახალი B2B პლატფარმა ProConnect-ი ქართული ბიზნესისთვის დიდ ბაზარზე გასვლას მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ ბიზნესის მხარდამჭერი პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.
რამდენიმე თვეა, რაც „პროკრედიტ ბანკმა“ ბიზნესების არაფინანსური მხარდაჭერის პლატფორმა აამოქმედა. ProConnect ინოვაციური ციფრული ბიზნეს ჰაბია, რომელიც კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ახალი ბაზრების მოძიებაში ეხმარება. "პროკრედიტ ბანკის" ბიზნესის მხარდაჭერის საერთაშორისო B2B პლატფორმაზე, დღეისთვის 12 ქვეყნიდან 3 500 კომპანიაა რეგისტრირებული.
გიორგი ბაქრაძე აღნიშნავს, რომ „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ ჰოლდინგის ნაწილია და ჰოლდინგის ბანკები 12 ქვეყანაშია.
„ეს 12 ქვეყანა ჯამურად ერთგვარი გიგანტია, რომლის 2026 წელს მთლიანი მშპ დაგეგმილია რომ 6 ტრილიონი დოლარი იქნება. ცხადია, აქედან ლომის წილი გერმანიაზე მოდის, მაგრამ დანარჩენი ქვეყნებიც ჯამში ცოტა ნაკლებია, ვიდრე 1.5 ტრილიონი დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის, „პროკრედიტის“ მეშვეობით გავიდეს ამ ქვეყნების ბაზრებზე. ამასთან, ბაზრები საკმაოდ დივერსიფიცირებული: ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გიგანტი გერმანია, ჩვენ გვყავს ევროკავშირის შედარებით მცირე, პატარა ქვეყნები, როგორიც არის რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რომელშიც ბულგარეთის „პროკრედიტი“ ოპერირებს. ჩვენ გვაქვს ბალკანეთის ქვეყნები, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, მათ შორის სერბეთი, არის კოსოვო და ალბანეთი და არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, ჩვენს გარდა, მოლდოვა და უკრაინა. ანუ, ეს არის საკმაოდ დიდი მოცვა და ეს არის 200 მილიონი პოტენციური მომხმარებელი, სადაც საქართველოს ბიზნესი შეიძლება გავიდეს“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
კითხვაზე - რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია საქართველოში მოქმედი „პროკრედიტ ბანკის“ პარტნიოტი ბიზნესისთვის პლატფორმაზე რეგისტრაციას, ბანკის დირექტორთა საბჭოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ამბობს, რომ ბიზნესისთვის სარგებელი რამდენიმე მიმართულებით იქნება.
„პირველ რიგში ეს ძალიან დიდი ბაზარია, რომელზე გასვლაც ჩვენთვის ძალიან კარგი და მიზანშეწონილი იქნება. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ჩვენ პატარა ღია ეკონომიკა ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტზე ორიენტირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი მაგალითია იმ ქვეყნებისა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებით გაიზარდა და გამდიდრდა. როდესაც ჩვენ ამდენი ქვეყნის ბიზნესთან ურთიერთობისთვის წინასწარი ქსელი გვაქვს, ეს სიტუაციას ძალიან ამარტივებს. მით უმეტეს, რომ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებული პროდუქტების შეთავაზების პოტენციალი გვაქვს. მაგალითად, ჩვენი ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი რომ დავასახელოთ - ღვინო, ჩვენ უკვე დავიკავეთ გარკვეულწილად ჩვენი პოზიციები ქვევრის ღვინის მიმართულებით და ამით უფრო აქტიურად შეგვიძლია გავიდეთ ბულგარეთის ან რუმინეთის ბაზარზე, იგივე შეიძლება ითქვას მინერალურ წყლებზე და თხილზე, რაც ბოლო 10 წელია ჩვენი ტრადიციული ექსპორტი გახდა, გერმანია პირიქით შეგვიძლია გამოვიყენოთ და შემოვიყვანოთ ის მანქანა-დანადგარები, რომლებიც გადამუშავებაშია საჭირო. ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ გადამუშავება, დაფასოება, სერტიფიცირება ჯერ არ გვაქვს - ამის გაკეთება შეიძლება. კიდევ ერთი მიმართულება რომელიც ბოლო პერიოდში დაემატა IT სექტორია, რომლის ექსპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად ჩვენ იმ ქვეყნებს, რომელთან მიმართებითაც შედარებით უპირატესობა გვაქვს, შეგვიძლია შევთავაზოთ ციფრული მარკეტინგი, დიზაინი და სხვა IT მომსახურება.
გარდა ამისა, არის ასევე უკრაინა, რომელიც გამარჯვების შემდეგ საჭიროებს აღდგენას. აქ ჩვენ შეიძლება ჩვენი როლი ვითამაშოთ ისევე როგორც სამშენებლო მასალების ექსპორტით, ასევე როგორც ლოგისტიკური ჰაბი ჩვენი ადგილმდებარეობის გამო. ამის გაკეთება უკვე არსებული ურთიერთობების ქსელით და დამატებითი პლატფორმით, როგორიც Proconnect-ია ქართული ბიზნესისთვის საქმეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს“, - ამბობს გიორგი ბაქრაძე.




























