აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე პროდუქტებზე ფასებმა 2.6%-ით მოიმატა. ეკონომისტები ამას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ პანდემიის დასაწყისში შედარებით ნაკლებად მოთხოვნად პროდუქტებზე ფასებმა იკლო. ინფორმაციას ამერიკული Forbes ავრცელებს.
CivicScience-ის ბოლოდროინდელ გამოკითხვაში, ამერიკელი მოსახლეობის 87% ამბობს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდის გამო; ხოლო გამოკითხულების 27% აცხადებს, რომ ყიდულობენ ნაკლებ პროდუქტს, რადგან ფასები უფრო მაღალია.
გთავაზობთ იმ შვიდ პროდუქტს, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ-ში ყველაზე მეტად გაძვირდა, პლუს შედარებით გაიაფებულ სამ პროდუქტთან ერთად.
1. ღვინო, ლუდი და ლიქიორი
აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, 2021 წლის თებერვლის ბოლოს ალკოჰოლური სასმელის ფასები, ღვინის, ლუდის და ლიქიორის ჩათვლით, 2%-ით გაიზარდა. მართალია, პანდემიურ პერიოდში რესტორნიდან ალკოჰოლის გაყიდვები შემცირდა, სამაგიეროდ, მოიმატა ონლაინ გაყიდვებმა. ეკონომისტების წინასწარი პროგნოზით, ღვინის მოხმარება და, შესაბამისად, გაყიდვების ზრდის ტენდენცია 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მომავალ წელს ეს სექტორი “შესაძლოა, მდგრადი არ იყოს”.
2. მეორადი ავტომობილები
პანდემიური ცვლილებების კვალდაკვალ, შეცვლილია მომხმარებლების ქცევაც - მოქალაქეები საცხოვრებელ ადგილებს იცვლიან, სახლიდან მუშაობენ და კიდევ სხვადასხვა გზით ცდილობენ ხარჯების შემცირებას. სწორედ ამიტომ, მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე გაზრდილია და პირდაპირპროპორციულად იმატებს მათი ფასებიც. Cox Automotive–ის მონაცემებით, მეორადი მანქანების ფასები თებერვალში 26%-ით გაიზარდა.
3. საფენები და ტუალეტის ქაღალდი
სამომხმარებლო გიგანტმა კომპანია Procter & Gamble-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კომპანია აპირებს ბავშვის მოვლის, ქალის ჰიგიენის და სხვა მსგავს პროდუქტებზე ფასების გაზრდას შემოდგომაზე, მიზეზი კი ჩამოთვლილ პროდუქტებზე ხარჯების ზრდაა.
4. სახლის მებაღეობის მასალები
წელს, გასულ წლებთან შედარებით, მოსახლეობას საკუთარი ეზოების და ბაღების განახლება ოდნავ გაუძვირდება. კვლევამ აჩვენა, რომ მოზრდილთა 26% პანდემიის დროს სასურსათო მებაღეობას ეწევა - ამ ტენდენციამ ასევე გარკვეული ტიპის თესლის დეფიციტი შექმნა. წელს თესლის, ყვავილებისა და ქოთნის მცენარეების ფასი 10.5%-ზე მეტად გაიზარდა.
5. წვრილმანი სამშენებლო მასალები
2020 წლის დასაწყისიდან დღემდე წვრილმან სამშენებლო მასალებზე ფასები თითქმის გასამმაგდა. ანალიტიკოსების განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ შტატებში ბოლო დროს ხის მასალით აშენებული სახლები მომრავლდა: მხოლოდ მარტში ქვეყანაში 1.7 მილიონი ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, რაც 2006 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც წვრილმან, ასევე მსხვილ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი მოთხოვნა კი თავისთავად ზრდის ფასებს.
6. ახალი მაცივრები
ეკონომიკური ანალიზის ბიუროს თანახმად, 2021 წლის თებერვლის ბოლოს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ძირითადი ფასები 12%-ზე მეტად გაიზარდა. ეს კი ისევ მოთხოვნის ტალღის “წყალობაა”. რადგან მომხმარებლები სახლში გაცილებით მეტ დროს ატარებენ, არსებული ტექნიკის განახლებაც სურთ. როგორც ჩანს, ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკა ოჯახებისთვის მაცივარია.
7. სახლები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზრდილია მოთხოვნა სახლებზეც. 2020 წლის ბოლოს საცხოვრებლის დეფიციტი 3.8 მილიონამდეა გაზრდილი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.5 მილიონი ერთეული იყო. ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის განცხადებით, ამერიკაში სახლების საშუალო ფასი ყოველწლიურად 17,2%-ით იზრდება და ამჯერად 329,100 აშშ დოლარს შეადგენს.
8. ახალი გარდერობი
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლის ფასებიც შემცირდა, ბოლო მონაცემებით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ფასები 4.6%-ით დაეცა, რადგან მომხმარებლის მოთხოვნა შემცირებულია და ისინი, ძირითადად, სახლში მოსახერხებელ ტანსაცმელს იძენენ. თუმცა, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასების შემცირება, სავარაუდოდ, დროებითი მოვლენაა, რადგან მაშინ, როცა ყველა თავშეყრის ადგილი გაიხსნება, მოთხოვნა ტანსაცმელზეც მოიმატებს.
9. სესხი
ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია სესხებზეც. უფრო მეტიც, ამ ტენდენციის შენარჩუნებას ანალიტიკოსები წლის ბოლომდე პროგნოზირებენ.
10. ელექტრონიკა და კომპიუტერული ტექნიკა
ტელევიზორებსა და სხვა ელექტრონულ ტექნიკაზე ფასები წლების განმავლობაში კლებადია. აუდიოვიზუალური აღჭურვილობის ფასი 2021 წლის თებერვლის ბოლოს, 3,8%-ით შემცირდა, ხოლო კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების ფასი - თითქმის 8%-ით დაეცა. კალკულატორებისა და ინფორმაციის დამუშავების სხვა მოწყობილობებზე კი ღირებულებამ 16%-ით დაიკლო.