ბოლო წლებში, შეთქმულების თეორიები საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ თეორიებმა, რომლებიც, როგორც წესი, ურბანულ ლეგენდებს ეფუძნება და არა მეცნიერულად დადასტურებულ ემპირიულ ცოდნას, განსაკუთრებულ პოპულარობას სოციალური ქსელების ეპოქაში მიაღწია, როცა ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და არეალი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ტექნოლოგიები იმდენად დაიხვეწა და ადამიანების ყურადღების ხანგრძლივობა იმდენად შემცირდა, რომ რეალობის და ტყუილის გარჩევა გართულდა.
შეთქმულების თეორია ბევრნაირი გვხვდება, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით კი ის მოსაზრებები სარგებლობს, თითქოს დედამიწაზე გლობალური არაფორმალური მმართველობითი ორგანო არსებობს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებს განკარგავს, მაგრამ თან ყოველთვის ჩრდილში რჩება. ადამიანები, რომელთაც ამ თეორიების სჯერათ ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურ პროცესებს მსოფლიოში “მასონები” და “ილუმინატები” ან ამ ორგანიზაციების მსგავსი სუბიექტები, მათ შორის “გლობალური ომის პარტია” განკარგავენ. ბოლო წლებში, კომუნიკაციაში ახალი ტერმინი - “ჩრდილოვანი სახელმწიფო”, ანუ Deep State გაჩნდა.
როგორც დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში, ე.წ. Deep State-ი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. მისი თქმით, 2019 წლის ივნისის ბოლოს, პარტია "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას გეგმავდა, მაგრამ ამ დროს, ე.წ. Deep State-ისგან ზარი მიიღეს, რის გამოც გახარია თანამდებობაზე დატოვეს, მოგვიანებით კი დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი კომპრომისი იყო, რომლის მსგავსი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ განმეორებულა.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ე.წ. Deep State-ის გავლენები განსაკუთრებულად იგრძნობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც, მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია, ანუ არაფორმალური გავლენისგან გათავისუფლება სჭირდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაილაშქრებს, რომლისთვისაც, ე.წ. Deep State-ის დამარცხება ერთ-ერთი კრიტიკული მიზანია. ირაკლი კობახიძე იმედს იტოვებს, რომ ტრამპი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რაც საქართველოზეც აისახება, მაგრამ კონკრეტულად რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია.
დონალდ ტრამპის კონტექსტში ე.წ. Deep State-ის ხსენება უადგილო ნამდვილად არ არის, რადგან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ამ თემაზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. თუმცა თუ ირაკლი კობახიძე ამ ტერმინის მიღმა, სავარაუდოდ, გლობალურ მაკონტროლებელ ორგანიზაციას ან ადამიანთა ჯგუფს გულისხმობს, დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ე.წ. Deep State-ში, როგორც წესი, დიდი ამერიკული კორპორაციები, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წარმომადგენლები და ამერიკულ სამთავრობო ბიუროკრატიაში ჩართული ადამიანები იგულისხმება, რომლებიც მის იდეებს ეწინააღმდეგებიან და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების აღსრულებას უშლიან.
სხვადასხვა დროს, დონალდ ტრამპს და მის მოკავშირეებს ე.წ. Deep State-ის წევრებად არაერთი ადამიანი დაუსახელებიათ, მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, თითოეულ ამ ადამიანს დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ რაღაც ჰქონდა გაკეთებული, რაც, სულ მცირე, კითხვებს აჩენს. ე.წ. Deep State-ის წარმომადგენლებს შორის ხშირად არის ნახსენები FBI-ის ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევის საკითხს იძიებდა — ამ წამოწყებას ჯეიმს კომი შეეწირა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წელს გადააყენა.
სხვადასხვა დროს, ე.წ. Deep State-ის წარმომადგენლებს შორის ნაგულისხმევი იყო, როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი, ასევე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. ბოლო წლებში, ამ ჩამონათვალში უმეტესწილად FBI-ის და CIA-ის მაღალჩინოსნებს ვხვდებით, რომელთა საქმიანობის შედეგად დონალდ ტრამპის საქმიანობას პირდაპირი ან რეპუტაციული ზიანი მიადგა. როგორც დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ე.წ. Deep State-ის არჩეული პრეზიდენტი მაშინ იყენებს, როცა მოწინააღმდეგეებზე გალაშქვრა სურს.
თუმცა პოლიტიკოსების და ბიუროკრატების გარდა, ე.წ. Deep State-ში, ისევე, როგორც “გლობალური ომის პარტიაში”, “მასონებში” ან “ილუმინატებში” ადამიანები ხშირად კორპორაციებს გულისხმობენ. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, სამი წამყვანი ძალა გვევლინება, ესენია BlackRock-ი, State Street-ი და Vanguard-ი, რომლებიც, თავის წილ, აქტივების მმართველი უდიდესი კომპანიები არიან, რომლებიც პლანეტის უდიდესი კომპანიების წილებს ფლობენ. აი, BlackRock-ი, მაგალითად, რომელიც $11.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს, Microsoft-ის, Apple-ის, NVIDIA-ს, Amazon-ისა და META-ს უდიდესი აქციონერია.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად “ჩრდილოვანი სახელმწიფოს”, იგივე ე.წ. Deep State-ის ისტორიაზე, რომელიც, სხვათა შორის, სათავეს იღებს არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ საქართველოს მეზობელ თურქეთში. ეს ტერმინი, რომელიც თურქულად ჟღერს, როგორც derin devlet, პირველად მე-20 საუკუნეში გამოჩნდა და ადამიანების ფარული ქსელის აღსაწერად გამოიყენებოდა, რომელთა შორის, შესაძლოა, ჯარი, დაზვერვა და კრიმინალური ორგანიზაციები ყოფილიყვნენ. რეალურად, ეს ტერმინი, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, ცივი ომის დროს გახდა აქტუალური, როცა პლანეტა, უმეტესწილად, ორ პოლუსად დაიყო.
მოგვიანებით, ფარულად მოქმედი გავლენიანი ჯგუფის იდეამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაინაცვლა და განსაკუთრებით აქტუალური პრეზიდენტ ნიქსონის “უოტერგეიტის სკანდალის” დროს გახდა, როცა სახელმწიფო ბიუროკრატიიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ნიქსონის ადმინისტრაცია ყველას და ყველაფერს უსმენდა. ამ სკანდალს ნიქსონის პოლიტიკური კარიერა შეეწირა, რადგან პრეზიდენტმა პოსტი მანამ დატოვა, სანამ კონგრესი მას იმპიჩმენტს გამოუცხადებდა, ხოლო სენატი პრეზიდენტობიდან გადააყენებდა.
არსებობს თუ არა ე.წ. Deep State-ი, ამ ეტაპზე, საჯაროდ ცნობილი არ არის, რადგან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ განმარტებაზე არის დამოკიდებული, რომელსაც ამ ტერმინს მივანიჭებთ. კონკრეტული გავლენის მქონე ქსელები და ინტერესების მქონე კომპანიები, ისევე, როგორც არაპროპორციული ძალაუფლების მქონე ადამიანები ყველა საზოგადოებაში არსებობენ, მაგრამ იმართება თუ არა ეს პროცესები ორგანიზებულად ე.წ. Deep State-ის ან “გლობალური ომის პარტიის” მიერ უცნობია და დიდწილად, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.