მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პროდუქტის 5%-ით გაძვირებას ვგეგმავთ“ – “Benjy’s”

641c3adde3859
ნანუკა ნარიმანიძე
26.03.23 16:20
627
ხილის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდი Benjy's პროდუქტის გაძვირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა სალომე ალანიამ Bm.ge-თან საუბრისას აღნიშნა.

„2022 წელი ჩვენთვის გამოწვევებით სავსე იყო, გაძვირდა ნედლეულის ფასი,როგორც ხილი, ასევე სხვა დამხმარე საშუალებები, ომიდან გამომდინარე გაძვირდა ტრანსპორტირების ხარჯებიც, ამიტომ, ვფიქრობთ, პროდუქტი გავაძვიროთ 5%-ით,“ - განმარტა მან.

ამასთან, გასული წლის შეფასებისას, გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ კომპანიას მომხმარებელიც გაეზარდა. „ჩვენი ალკოჰოლური სასმელები მომხმარებელში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, ნელ-ნელა ეჩვევიან ჩვენს პროდუქტს, რაც გაყიდვების აქტივობაზეც აისახება“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, სალომე ალანია Bm.ge-თან ინტერვიუში კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„კანადაში გავგზავნეთ ერთი კონტეინერი და ველოდებით შეკვეთებს, ასევე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროპის ქვეყნებთან, გარდა ამისა, Benjy's-ს აქამდე დიდ, მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომ სამომავლოდ ბრენდის ამ მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ, გვინდა გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რათა მომხმარებელს გავაცნოთ ბრენდი, სხვა შემთხვევაში კლიენტის მოძიება ძალიან რთულია“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, Benjy’s“ საწარმო ნატახტარში მდებარეობს და 57 ადამიანს ასაქმებს, კომპანია სხვადასხვა ხილის, მათ შორის, ვაშლის, ატმის, ფეიხოას, ქლიავის, ალკოჰოლური სასმელების გარდა შოკოლადსაც აწარმოებს. საინტერესოა, რომ კომპანიამ ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სასმელების კონკურსში „IWSC international wine and spirits competition“-ში წარადგინა და 86 ქვეყანასა და 4 000-ზე მეტ სასმელს შორის გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები