მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროდუქციის ალტერნატიული ბაზრების მოძიების გარეშე, სარესტორნო "ფასები ასტრალში გაგვექცევა“ - ვახტანგ კანდელაკი

ვახო კანდელაკი

საქართველო ისეთი იაფი ტურისტული მიმართულება აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო“- Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლიდან გაზრდილი ფასების და ლარის გამყარების შედეგად საქართველოს ტურიზმის სექტორი გლობალურად ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა. გაძვირდა ტურისტული სერვისები, რომელსაც კერძო სექტორის შეფასებით, თავისი განმაპირობებელი ფაქტორები ჰქონდა.

როგორც რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი bm.ge-სთან აცხადებს, პროდუქტის ღირებულების ცვლილება პირდაპირ აისახება მენიუს ფასებზე. მისივე თქმით, რეგიონებში ჯერ არ შეიმჩნევა მასშტაბური გაძვირება, თუმცა არსებული პერსპექტივით, მომსახურების ფასები რეგიონებშიც გაიზრდება.

“თბილისის შემთხვევაში გაძვირებულია სერვისები. რეგიონებში ჯერჯერობით არ ვხედავთ ასეთ გაძვირებას, მაგრამ პოტენციალი იმისი, რომ გაძვირდეს, ძალიან დიდია, იმიტომ, რომ ამომავალი არის პროდუქტი. რამდენად ვყიდულობ, რამდენად გადავქმნი და რამდენად ვუწევ რეალიზებას. ეს არის სამი კომპონენტი, რომელიც სარესტორნო ბიზნესთან პირდაპირ კავშირშია.

თქვენ თუ ხაჭაპურს ყიდულობთ და მე თუ ყველი გამიძვირდა, ავტომატურად ხაჭაპურიც მიძვირდება. ეს არის მთლიანი ჯაჭვი, რომელზეც არაერთ ეთერში, არაერთ შეხვედრაზე ვისაუბრე, რომ თუ ჩვენ არ დავასტაბილურეთ პროდუქტის ფასი და არ შევქმენით პროდუქციის მოძიების ალტერნატიული ბაზრები, ფასები ასტრალში გაგვექცევა. ტენდენცია ამისკენ მიდის. ერთი წლის თავზე სულ სხვა შედეგები გვექნება, სულ სხვა ზრდა გვექნება, იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობით არავინ არ არის დაინტერესებული, სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს ხელს არაფრით არ უწყობენ, რომ მან პროდუქტი დადოს.

წარმოგიდგენიაათ, რომ ჩემმა მომმარაგებელმა არ იცის ხვალ რა ფასი იქნება პომიდორზე? ეს სარესტორნო ბიზნესისთვის ძალიან რთულია”, -ამბობს რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები