„საქართველოს კაპიტალის“ ლუდის ბიზნესი ზრდას აჩვენებს - ამის შესახებ საუბარია საინვესტიციო ჰოლდინგის მიერ ინვესტორებისთვის წარდგენილ მეორე კვარტალის ანგარიშგებაში.
დოკუმენტის თანახმად, აპრილ-ივნისში ლუდის ბიზნესის მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9.7%-ით გაიზარდა და 46.8 მილიონი ლარი შეადგინა, წლის პირველ ნახევარში კი, ზრდა 6.6 % იყო. სულ 6 თვის შემოსავალი 72 მლნ ლარია.
ჰოლდინგი განმარტავს, რომ შემოსავლების ზრდა პროდუქციაზე ფასების ზრდამ განაპირობა, რადგანაც ჰექტოლიტრით გაყიდვები მეორე კვარტალში 0.3%-ით, 6 თვეში 2.9% არის შემცირებული.
რაც შეეხება ფასებს - ლუდისა და ლიმონათის საშუალო ფასი მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 10.0%-ით გაიზარდა, წლის პირველ ნახევარში კი, 9.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ლუდისა და ლიმონათს ბიზნესში გაიზარდა საოპერაციო ხარჯი, ძირითადად გაზრდილი მარკეტინგული ხარჯების გამო.