მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროდუქციის გაიაფებისთვის ლოგისტიკური ცენტრები და კონსოლიდირებული შესყიდვებია საჭირო - რითეილ ექსპერტი

მარკეტები

Bewise Georgia-ს მმართველი პარტნიორის და რითეილ ექსპერტის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში პროდუქციის ფასების შემცირებისთვის ერთ-ერთი ფაქტორი ბაზრის მეტი კონსოლიდაციაა, მათ შორის შესყიდვების ნაწილში.

როგორც ია ნადირაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია მიწოდების და დისტრიბუციის ჯაჭვში ცვლილებების შეტანა და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. რითეილ ექსპერტი ამბობს, რომ შედარებით განვითარებულ ქვეყნებში მიწოდების ჯაჭვში მთავარი რგოლი მწარმოებლები და სავაჭრო ქსელები არიან, ხოლო დისტრიბუციის რგოლს მხოლოდ განაწილების ფუნქცია აქვს.

ია ნადირაშვილის შეფასებითვე, პროდუქციის ფასებზე ასევე დადებითი გავლენა ექნება სავაჭრო ქსელების მიერ საოპერაციო ეფექტიანობის ზრდას.

“მოკლევადიან პერიოდში ძალიან რთულია ფასების კლების საკითხზე საუბარი, ვინაიდან ძალიან კომპლექსური თემაა. თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არის, რა თქმა უნდა, გამოსავალი და ვხედავთ ამ გზას. ეს არის ის გზა, რაც გაიარა განვითარებულმა ქვეყნებმა და ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკები გვაქვს ამის, ისინი ათეულობით წლით წინ არიან ქართულ ორგანიზებულ ბაზართან მიმართებაში.

პირველ რიგში, ეს არის კონსოლიდაციის ნაწილი. საქართველოში ბაზარი არის ძალიან ფრაგმენტული – ეს იქნება შესყიდვების თუ მწარმოებლის ნაწილში. მცირე მასშტაბის წარმოებები გვაქვს ლოკალურად ან წარმოება ძალიან დაბალი დოზით არის. შესაბამისად, მასშტაბურ შესყიდვაში არის სივრცე იმისათვის, რომ პროდუქტის შესასყიდი ფასი შემცირდეს, ანუ თვითღირებულება შემცირდეს.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი გზა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის დისტრიბუცია-ლოგისტიკის ნაწილი და ლოგისტიკური ცენტრების არსებობა. ბოლო სამი წელია, ძალიან ინტენსიურად ვიკვლევ ამ მიმართულებას, საერთაშორისო პრაქტიკებს და საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობებს. აქ საუბარი არის არა მარტო ლოგისტიკური ცენტრების გაჩენაზე, ინფრასტრუქტურაზე, არამედ მის ტექნოლოგიურ აღჭურვაზე. ეს იქნება სხვადასხვა საინფორმაციო სისტემების დანერგვა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ქართული რითეილ ბაზარი მიდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები, თუმცა უფრო სწრაფი ტემპი ნამდვილად ხელს შეუწყობდა, რომ ფასების ნიშნული ქვევით ჩამოსულიყო, იმიტომ რომ საოპერაციო ეფექტურობა აისახება პროდუქტის საბაზრო ფასზე, ვინაიდან ძალიან მაღალი არის კონკურენცია.

ძალაუფლების ზრდა შესყიდვის ნაწილში – რასაც ვეძახით ჩვენ "შესყიდვის ძალაუფლებას" – არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ შემსყიდველისგან მივიღოთ დაბალი შესასყიდი ფასი. რაც შეეხება ურთიერთობის ნაწილს, ზოგადად ქართული ბაზარი ჩამოყალიბდა ასე – მიწოდების ღირებულების ჯაჭვში მწარმოებელსა და რითეილერს შორის გაჩენილი არის დისტრიბუციის რგოლი. რეალურად, განვითარებულ ქვეყნებში ეს მიწოდების ჯაჭვი არის - მწარმოებელი – მსხვილი რითეილერი, ხოლო დისტრიბუციის რგოლი არის როგორც გამანაწილებელი მაღაზიებში და არა როგორც მძლავრი მოთამაშე, რომელიც ჩვენ ბაზარზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში მწარმოებლებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რითეილს სჭირდება ძალაუფლება და რითეილის ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება შესასყიდ ფასზე, სხვა მარკეტინგულ პირობებზე, რომელიც შემდეგ ძალიან პოზიტიურად უნდა აისახოს საცალო მომხმარებელზე და, რა თქმა უნდა, ფასზე”, - განაცხადა ია ნადირაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები