"ის რისკები, რომლებიც ეხება კრწანისს, ეხება გონიოსაც და - პირიქით" - ასე ეხმიანება "თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრი კახა ჩიქოვანი "ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საზოგადოება EMAAR-ის მიერ კრწანისში საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე არ უნდა იყოს მხოლოდ ფოკუსირებული და უნდა განიხილოს ისიც, რომ გონიოს ტერიტორიაზე "უმაღლესი სტანდარტის კომპლექსები და განთავსების ობიექტები" მოეწყობა.
როგორც კახა ჩიქოვანმა "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, პროექტთან დაკავშირებული პრობლემები არ ეხება საქართველოს რომელიმე რეგიონში ბუნებისდაცვით საკითხებსა და ეკონომიკურ რისკებს, არამედ, მისი შეფასებით, მთავარი გამოწვევა გაუმჭვირვალობაა.
"ჩავატარეთ კონფერენცია და კრწანისი-გონიო აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში გვაქვს გადმოტანილი და ის რისკები, რომელიც ეხება კრწანისს, ეხება გონიოსაც და პირიქით. შესაბამისად, აქ მთელ ჭრილში არის პრობლემა დასმული და ჩვენ მიერ განხილული. მთავარი თემა არის ის პოლიტიკური ლანდშაფტი, სადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ზოგადად, ამ პროექტის, პოლიტიკური სტატუსი. რატომ და როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა რისკებს წარმოქმნის ეს ყველაფერი - მე ამ კუთხით მირჩევნია ვილაპარაკო. მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პროექტს მოჰყვება, მარტო ეკონომიკური და ბუნების დაცვითი მხარე არ არის, რაზეც ისედაც ბევრი ითქვა.
აქ პრობლემა, პირველ რიგში, არის გაუმჭვირვალობა. ქართული საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს პრობლემა, რომ ამ პროექტის და ზოგადად, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, იხარშება ერთ კაბინეტში და უბრალოდ მერე გვამცნობენ პოსტფაქტუმ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს და რაღაცის კეთებას აპირებენ. და ეს რაღაც როგორ ეხმაურება ჩვენს პრობლემატიკას, სახელმწიფოს განვითარების გეგმებს, როგორ ჯდება ამ სიტუაციაში, ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ მიმდინარეობს. იქნება და მართლაც კარგი პროექტია?! მაგრამ ეს ხომ უნდა დაგვიმტკიცონ, ეს ხომ უნდა გვაჩვენონ. აი, ეს არის ძირითადი პრობლემა", - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
"თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრი BMG-ის ეთერში ასევე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში, აუცილებელია პროექტი შეჩერდეს და დოკუმენტები, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოება იცავთ, საჯარო გახდეს.
"[ირაკლი კობახიძის] მონაყოლი მე რაში მაინტერესებს? დოკუმენტი მაჩვენოს, სად წერია, სად იწყება სახელმწიფოს ვალდებულებები, სად მთავრდება და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ რა რისკები შეიძლება წარმოქმნას. და შემდგომ უკვე, სახელმწიფო სად იქნება და როგორ აზღვევს ამ რისკებს. ძირითადად აქედან გამომდინარეობს ყველა პრობლემა, რომ ეს სისტემა აბსოლუტურად დახურულია.
ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს პროექტი უნდა შეჩერდეს და ფართო საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს. აუცილებლად უნდა გაიხსნას ის გასაიდუმლოებული ნაწილი (კანონმდებლობით შესაბამისად, ალბათ რაღაც ნაწილი საიდუმლოდ უნდა დარჩეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი), რომელიც გვაინტერესებს ჩვენ და რომელიც ყველაზე დიდ კითხვებს წარმოქმნის; ვნახოთ ხელშეკრულება, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო და რა ვალდებულებებს ინვესტორი. და შემდგომ გადავწყვიტოთ, კარგი იქნება სახელმწიფოს განვითარებისთვის ამ პროექტის გაგრძელება თუ არ იქნება კარგი. ამიტომ უნდა გაჩერდეს, სანამ ფართო კონსენსუსი არ დადგება ამ საკითხთან მიმართებით", - ამბობს კახა ჩიქოვანი.




























