პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 120-დან 69 ქონება უკე გაიყიდა, - ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
გიორგი გახარიას მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტის დადებით ეფექტზე მიუთითებს კონკურენცია აუქციონებზე და ბიზნესსუბიექტების დიდი ინტერესი პროექტისადმი.
"პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დაიწყო 2019 წლის ნოემბრიდან. პროექტში ამ მომენტისთვის ჩართულია 120 ობიექტი, ჯამური ღირებულებით − 305 990 395 ლარი, მათ შორისაა, 6 952 000 ლარის ღირებულების 14 ახლად დამატებული ქონება, რომელიც ამჟამად განთავსებულია აუქციონზე.
პროექტის ფარგლებში გაყიდულია 69 ქონება, საწყისი ღირებულებით − 43 848 700 ლარი, ხოლო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საპრივატიზაციო თანხა შეადგენს 57 833 700 ლარს“, - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.