პროევროპული აქციის მონაწილე მოქალაქეები, არაერთი დარბევის მიუხედავად, არ იშლებიან და ტერიტორიას არ ტოვებენ. ადგილზე სიტუაცია პერიოდულად იძაბება.
უშუალოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმს აქვს დაკავებული.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, ძირითადად ორ ადგილას არიან - ნაწილი რუსთაველის თეატრის წინ რჩება, ნაწილი კი - სასტუმრო „თბილისი მარიოტის" მიმდებარედ იმყოფება.
მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ნაგვის ურნებით და სხვადასხვა საგნით ბარიკადები აქვთ აღმართული. ანთია ცეცხლიც.
მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის დაშლა არაერთხელ სცადა - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.
შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ.