მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება რეაგირება - კალაძე ექიმის დაკავებაზე

თბილისის მერი

პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.

კალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის თავადაც, აფრთხილებდნენ ყველას, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რადგან ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება.

„რამდენიმე ათეული ადამიანი ძალადობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაზე, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ 4 ოქტომბერს ვნახეთ კონკრეტული მცდელობა იმ დაანონსებული ხელისუფლების დამხობისა, რაზეც ჰქონდათ ერთგვარი კამპანია აგორებული. ამ კამპანიაში ჩართულნი იყვნენ კონკრეტული ადგილობრივი ელჩები. ყველა ხვდება, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნის გარედან იმართება, ფინანსდება, მათ ჰყავთ პატრონები, ისინი აძლევენ მითითებებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა ეს დანაშაული და არავის მისცა საშუალება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. ყველა დამნაშავეს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას რაც შეეხება, აქ პროფესია არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ზოგადად, ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით და მოვუწოდებდით, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადაედგათ. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, მეც არაერთხელ ვისაუბრე. არ გაითვალისწინეს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ამას ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. დღეს საღამოს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები