პროფესიონალის დღევანდელი გმირი, ჩვენი საქმიანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი რეჟისორი დავით საყვარელიძეა. სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობის მრავალშრიანი გამოცდილების მიღმა, ის 10 წლის განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი მმართველობის პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქართული ოპერის ევროპეიზაციას. მასვე უკავშირდება მსოფლიოს სახელოვნებო რუკაზე ქართული კულტურის, როგორც საოპერო, ისე თეატრალური ხელოვნების მონიშვნა. დავით საყვარელიძის საქმიანი ცხოვრება გასული წლების მსგავსად დღესაც არაერთ მიმართულებას ფარავს, მათ შორის ის არის როგორც სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი, ისე რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორიც. ამის მიღმა კი აუცილებლად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ამბავი, ჩვენი დღევანდელი გმირი წინანდლის ფესტივალის დირექტორის ამპლუაში ღირსეულად მიჰყვება იმ გზას, რომელიც "სილქროუდ ჯგუფთან" ერთად შვიდი წლის წინ გაკვალა და რომლითაც, მთავარი მუსიკალური მოვლენით წინანდალი მთელ მსოფლიოს გააცნო.