მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება

პროფესიული განათლება
02.09.24 17:44
483

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

"2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ.

2024 წელს, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც, საბაზო განათლების მქონე პირებს, საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად, მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას ქმნის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს დუალური მიდგომით განხორციელებულ პროგრამებზე. დუალური მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.

2024 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - vet.emis.ge.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები