მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიული კადრების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსია შექმნილი - კოლეჯ "სპექტრის" დირექტორი

takiZe

პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში დისბალანსიც კია შექმნილი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ქვეყანაში კადრების დეფიციტია. ამის შესახებ მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება.

მათე ტაკიძის ინფორმაციით, პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ განათლება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასწავლებლებში მიიღონ, რომლებსაც კვალიფიციური მასწავლებლები მიაწვდიან. ამასთან, პროცესში ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული პროფესიულ განათლებაში როგორც იდეით, ასევე ფინანსური კუთხით.

„დაინტერესებულ პირებს ძალიან მარტივად შეუძლიათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირდნენ. პროფესიული განათლება უფასოა და სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პროფესიული განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობა აქვს.

ქვეყანაში 200-ზე მეტი პროფესიაა აპრობირებული, ავტორიზებული, შესაბამისად პროფესიული განათლების კუთხით დაფარვა საქართველოს მასშტაბით არის ძალიან დიდია. ნებისმიერ რეგიონში, დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს პროფესიული განათლება მიიღოს, რასაც იქ არსებული სასწავლებლები უზრუნველყოფენ. გასულ მიღებაზე, დაახლოებით 3000-4000-ზე მეტი ადამიანის განცხადება იყო დარეგისტრირებული და ვიმედოვნებთ, რომ წელს აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება, ეს არის განათლების მიღება როდესაც ადამიანი მოდის და პროფესიულ განათლებას იღებს, მეორე არის დუალური სისტემა, სადაც სწავლა არის კეთებაზე დაფუძნებული, ანუ 50%-ს ადამიანი საწარმოში გადის, ხოლო განათლების 50%-ს კოლეჯის სივრცეში იღებს“,-აცხადებს ტაკიძე.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში პროფესიული განათლება საქართველოში გაახალგაზრდავდა. მიმდინარე წელს კი, კოლეჯში მიღება 2-ჯერ გამოცხადდება. ერთი იქნება საგაზაფხულო მიღება, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირა გაგრძელდება. ასევე, საშემოდგომო მიღება, რომელიც სექტემბერში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები