"ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით. როგორც მან უმაღლესი განათლების დაანონსებულ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება.
„როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით. კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით. სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, რაც იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხით.
„როდესაც ქვეყანაში გაიცემა დიპლომი, ეს დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს დიპლომს, თუ კერძო უნივერსიტეტი. შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყოს დიპლომის ხარისხი. დღეს, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროფესორ-მასწავლებლების უმრავლესობა დასაქმებულია არასრულ განაკვეთზე, არასრული დატვირთვით და ეს იწვევს პრობლემებს ხარისხის კუთხითაც,“- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
„უნივერსიტეტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა თავისი ტრადიციული პროფილი, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა თავისი ტექნიკური პროფილი, თსუ იყო უფრო მეტად მრავალფუნქციური, ილიას უნივერსიტეტს - პედაგოგიური მიმართულება და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მწირი რესურსების პირობებში, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას ინფრასტრუქტურული და საკადრო კუთხით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ოპტიმიზაცია,“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.




























