მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირები მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით გამოდის - პროექტი პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

ლარი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესებას, საქსტატის მიერ გამოანგარიშებული საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით ითხოვს, რაც, დღეის მონაცემებით, 636 ლარს შეადგენს. გაერთიანება პარლამენტში ინიციატივას ხვალ, 6 ოქტომბერს, 12 საათზე შეიტანს.

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეიკრიბებიან. ინიციატივას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი დაარეგისტრირებს. 

პროფკავშირების გაერთიანება სამომავლოდ მინიმალური ხელფასის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასაც ითხოვს, რაც, ევროდირექტივების თანახმად, საშუალო ხელფასის 60%-ს მოიცავს.

"საქართველოში 636 ლარზე ნაკლები ხელფასი 190,000 ადამიანზე მეტს აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, მინიმუმ ამ ოდენობის ადამიანს გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მინიმალური ხელფასი საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული 20 ლარით არის განსაზღვრული, რაც საქსტატის დაწესებულ საარსებო მინიმუმზე 12,6- ჯერ ნაკლებია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 125,000 ადამიანს 100 ლარს ქვემოთ, 500 ლარამდე ხელფასი - 131 841, ხოლო, 636 ლარზე ნაკლები ხელფასი - 190,000-ზე მეტ ადამიანს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები