მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროგნოზი გვაქვს, პრევენცია - არა“ - ირაკლი ერაძე სტიქიასთან გამკლავების გზებზე

თელავი

საქართველოში სტიქიური მოვლენების პროგნოზირების სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, რეალური პრევენციისა და ინფრასტრუქტურული დაცვის კუთხით ქვეყანა კვლავ დაუცველია. ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს მეტეოროლოგიური კომპანიის“ დირექტორი ირაკლი ერაძე საუბრობს.

მისი განმარტებით, სტიქიასთან ბრძოლა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ინფორმაციის ფლობა (პროგნოზი) და უშუალო პრევენცია. როგორც ირაკლი ერაძე განმარტავს, გარემოს ეროვნული სააგენტო პროგნოზირების კუთხით ეფექტურად მუშაობს, თუმცა, პრობლემა იწყება იქ, სადაც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს. მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი და ამასთან, უნდა არსებობდეს სისტემა, სხვადასხვა ორგანოებს შორის აწყობილი ურთიერთქმედების სქემა, იქნება ეს 112, სამაშველოები თუ სხვა მიმართულებები.

ინფრასტრუქტურაში კი, ვგულისხმობ იმას, რომ უნდა იყოს შესაბამისი შემაკავებელი ჯებირები, წინასწარ განსაზღვრული საევაკუაციო გეგმები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სტიქიას გარკვეულწილად, მოულოდნელობა ახასიათებს, მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც პროგნოზი გვაქვს, ამის არ გამოყენება არასწორია“ - აცხადებს ირაკლი ერაძე BMG-სთან.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სტიქიების მართვის ჯაჭვში „სუსტი რგოლი“ ინფრასტრუქტურის არარსებობა ან მისი გაუმართაობაა. ერაძის თქმით, თელავის შემთხვევაში, ქალაქის დატბორვის მიზეზი არა მხოლოდ უხვი ნალექი, არამედ წლების განმავლობაში მოუვლელი საინჟინრო ნაგებობები გახდა.

„შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს რისკიან ადგილებზე. ისევ გარემოს ეროვნული სააგენტო უნდა ვახსენო - ისინი კვლევებს თითქმის ყოველწლიურად ატარებენ და განსაზღვრული აქვთ კონკრეტული ლოკაციები მეწყერის, წყალმოვარდნების თუ ღვარცოფების მიმართულებით. უბრალოდ, რეაგირების კომპონენტში სახელმწიფო მოიკოჭლებს იმაში, რომ არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ჯებირები. საინჟინრო სამუშაოები არ არის ჩატარებული, თუ სადმე არსებობს - მიტოვებულია.

შეიძლება გქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამას მოვლა, გაწმენდა სჭირდება. რაც კახეთში მოხდა, ჩემი აზრით, უფრო მეტად გაუმართავი ინფრასტრუქტურის ბრალი იყო. იმიტომ რომ იქ არსებობს - ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, შესაბამისი საინჟინრო ძველი ნაგებობები, რომელიც მოუვლელია და ფაქტობრივად, ფუნქცია დაკარგული აქვს“ - ამბობს ირაკლი ერაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ არის სტიქიების პრევენცია სახელმწიფოსთვის უპირატესი ამოცანა, ერაძე პასუხობს, რომ პრობლემა კომპლექსურია - ფინანსების ნაკლებობიდან დაწყებული, არასწორი კონტროლით დასრულებული. მისი თქმით, საინჟინრო ნაგებობების მოწყობა „ძვირი სიამოვნებაა“, თუმცა როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, სახელმწიფო ვალდებულია სახსრები მოიძიოს.

„ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოების ამბავი. თავი დავანებოთ სოფლის მეურნეობის ზარალს, აქ სასწორზე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას. სტიქიის სრულად აცილება რთულია, მაგრამ ზიანის მინიმიზაცია აუცილებლად უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნავს ის.

სტიქია თელავში 12 ივნისს დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად, თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა და დაზიანდა თელავის მიმდებარედ არსებული ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები