მთავრობამ პლასტიკის ბოთლებში სასმლის რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით 2031 წლამდე გადადო. გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შედეგად არის მიღებული.
სექტორში რეგულაციის გადავადებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს 4 წელი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი გვიხსნის, რომ პლასტიკის ნარჩენის სეპარირებული შეგროვება და გადამუშავება პრობლემის უალტერნატივო გადაწყვეტის გზაა.
“მე მქონდა სერიოზული კონსულტაციები, განხილვები პრემიერ-მინისტრთან. ის წინადადებები, რომელიც არსებობდა ამ კონსულტაციებამდე, მე არ მინდა ახლა წარსულის კრიტიკული ანალიზი, მაგრამ არ იყო სრულყოფილი, არ იყო ჩამოყალიბებული მიდგომა. ეს მიდგომა იმის გამო შეიცვალა, რომ დავანახეთ გადამმუშავებელი ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა. ეს არ არის ახალი ნოუ-ჰაუ, ეს არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე აპრობირებული.
ეს მიდგომა რომ შეიცვალა, ირაკლი კობახიძის კონსულტაციების შედეგია ძირითადად, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც წარვუდგინეთ - მომავლის პროგრამაა, შესასრულებელია უდავოდ და გულისხმობს ნარჩენების გადამუშავებას.
აქ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან თემას: აქ არ უნდა იყოს საუბარი მხოლოდ უალკოჰოლო სასმელებზე, მარტო ჩვენი პოზიციიდან არ უნდა ვისაუბროთ. თუ ეს მიდგომა დამკვიდრდა და უეჭველად უნდა დამკვიდრდეს, აქ უნდა იყოს ჩართული ნებისმიერი მწარმოებელი საქართველოში. ნებისმიერი, რომელსაც შეხება აქვს ამ ტიპის ნარჩენებთან და შემდეგ შეხება უნდა ჰქონდეს ნარჩენების გადამუშავებასთანაც.
აქ სამი კომპონენტია მნიშვნელოვანი: ეს არის სახელმწიფო, მწარმოებელი და საზოგადოება. ეს სამი თემა უნდა იყოს გაერთიანებული, რომ სერიოზული შედეგი მივიღოთ.
ეს ოთხი წელი არ უნდა დაიკარგოს, რაც მთავარია და ძალიან ჩქარა უნდა შედგეს ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებას გულისხმობს. უნდა გამოიკვეთოს ვის რა ვალდებულება აქვს და ვინ რაზე აგებს პასუხს, რა ტექნოლოგიებია დასანერგი, რა ინვესტიციებია გასაკეთებელი და ვისი მხრიდან, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ამ პროცესს.
ნარჩენები უნდა ვაქციოთ ღირებულ პროდუქტად. ღირებულ პროდუქტად რომ ვაქცევთ ნარჩენს, აქ უკვე ორი სახის მოგება გვექნება. ბუნება გათავისუფლდება ნარჩენებისგან და ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქცია შეიქმნება. შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკა მიიღებს სრულყოფილ სახეს,”- ამბობს კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელი თემურ ჭყონია.



























