უკრაინის წარმომადგენლებთან მშვიდობის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ოფიციალურ შეხვედრებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
"სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ანდრეი ჰნატოვს, რათა გაემართათ კონსტრუქციული დისკუსიები უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი საიმედო გზის უზრუნველყოფის თაობაზე.
დღეს ჯგუფმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში რიგით მეექვსე შეხვედრა გამართა. მდივანმა უმეროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრიორიტეტია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც დაიცავს მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, უზრუნველყოფს უკრაინელების უსაფრთხოებას და შექმნის სტაბილურ საფუძველს აყვავებული დემოკრატიული მომავლისთვის.
მონაწილეებმა განიხილეს ამერიკული მხარის რუსეთთან ბოლოდროინდელი შეხვედრის შედეგები და ის ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა ამ ომის დასრულება გამოიწვიოს. ამერიკელები და უკრაინელები ასევე შეთანხმდნენ უსაფრთხოების მექანიზმების ჩარჩოზე და იმსჯელეს შეკავების იმ აუცილებელ შესაძლებლობებზე, რაც საჭიროა ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ნებისმიერი შეთანხმებისკენ რეალური პროგრესი დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, გამოავლინოს სერიოზული ერთგულება გრძელვადიანი მშვიდობისადმი, რაც მოიცავს ნაბიჯებს დეესკალაციისა და მკვლელობების შეწყვეტისკენ.
მხარეებმა ასევე ცალკე განიხილეს მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომის შემდგომი აღმშენებლობის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას.
ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ომის დასრულება და ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები აუცილებელია განახლებული აგრესიის თავიდან ასაცილებლად და უკრაინის ყოვლისმომცველი განახლების გეგმის ამოქმედებისთვის, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ერი გახდეს უფრო ძლიერი და აყვავებული, ვიდრე ომამდე იყო.
მხარეები ხვალ კვლავ შეიკრიბებიან დისკუსიების გასაგრძელებლად", - ნათქვამია განცხადებაში.




























