მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურა გიორგი ახობაძის მიმართ სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბრალდებული 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ ერთ კვირაზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მას განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა მოულოდნელად გადადო.

საქართველოს პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ გაიზიარა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,73133 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას „ალფაპევეპეს“ (α-PVP).

სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული თბილისის საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები